ავიაცია

Georgian Airways-ი თბილისის აეროპორტში საპროტესტო აქციას გეგმავს

flickr.com/photos/picturejohn64

Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. კომპანია Tav Georgia-ს სატარიფო მოსაკრებელს აპროტესტებს.

"წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, "ტავ ურბან ჯორჯიასთან" მოლაპარაკებას ავიაბილეთების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც, შედეგი არ გამოიღო.

სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა რომ ვაიძულოთ "ტავ ურბან ჯორჯია" გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისაკენ", - წერია განცხადებაში.

Tav Georgia-მ რამდენიმე დღის წინ "აირზენას" დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადების საპასუხოდ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია "აირზენას" საქმიანობაში ხელს ყოველთვის უწყობდა.

"წლების განმავლობაში ჯორჯიან ეარვეისს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში ვუდგენდით გადახდის სპეციალურ გრაფიკს, რაც არ გაკეთებულა არცერთი ავიაკომპანიისთვის, რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად 5 თვის განმავლობაში ჯორჯიან ეარვეისი იხდიდა მომსახურების ღირებულების 50%-ს, ხოლო დარჩენილ თანხას ფარავდა ზაფხულის განმავლობაში. შიდა ფრენების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2010 წლიდან ტავ ჯორჯიას მიერ შემუშავდა სპეციალური ტარიფი, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ასრულებენ ადგილობრივ რეისებს, რაც ჯორჯიან ეარვეისს აძლევს საშუალებას საგრძნობლად შეამციროს ხარჯები მის მიერ განხორციელებულ შიდა რეისებზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან საქართველოში ბაზირებული ავიაკომპანიების ხელშეწყობის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს ჯორჯიან ეარვეისისთვის დამატებით საკმაოდ სოლიდურ ფასდაკლებას," - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები