სახალხო დამცველი გაფიცულ მემანქანეებს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას დაპირდა

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თბილისის მეტროს გაფიცულ მემანქანეებს შეხვდა და მათ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას დაპირდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ლომჯარიამ უპრეცედენტო და კომიკური უწოდა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც მემანქანეებს არასამუშაო საათებში გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ.

"სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად საეჭვო იყო და მთელ რიგ კითხვებს ბადებს. არ ვიზიარებთ სასამართლოს ამ მსჯელობას და მიგვაჩნია, რომ შრომის კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში. ამიტომ დავიცავთ თითოეული მათგანის ინტერესებს, თუკი ვინმეს გაათავისუფლებენ, ან ვინმეს შრომით უფლებას დაარღვევენ", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს დღეებში წარადგენს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, სადაც გაფიცვის უფლების დაცვის კუთხით განიხილავს ეროვნულ და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

გარდა ამისა, ომბუდსმენი მიმართავს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და თბილისის მუნიციპალიტეტს და მემანქანეებთან კონსესუსის მიღწევისთვის ჩართულობას სთავაზობს.

კომენტარები