საქართველოს სახალხო დამცველი კერძო და საჯარო უწყებებს მიმართავს თხოვნით, აპარატის თანამშრომლებს დროებით სამუშაო სივრცე დაუთმონ.
ნინო ლომჯარია ფეისბუქზე წერს, რომ 5 ივნისის მიწისძვრამ შენობა უფრო დააზიანა და ნგრევის შემთხვევაში, გართულდება იმ ადამიანების ევაკუაცია, ვინც მიწის ქვედა სართულებზე მუშაობს.
"მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით", - წერს ომბუდსმენი.
ნინო ლომჯარია დაზიანებული შენობის ფოტოებსაც ავრცელებს:
ომბუდსმენის აპარატის შენობა წლებია, დაზიანებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წელს სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა საქართველოს მთავრობას სპეციალური წერილითაც მიმართეს, სადაც ომბუდსმენის აპარატისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა მოითხოვეს, თუმცა, უშედეგოდ.