რუსეთი

პუტინი ავსტრიაში ვიზიტისას: სანქციების გაუქმება ყველას ინტერესში შედის

ვლადიმირ პუტინი და სებასტიან კურცი
AFP

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და კანცლერ სებასტიან კურცს შეხვდა. მათ რუსეთისათვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრეს.

პუტინმა განაცხადა, რომ სანქციები ყველას ვნებს, მათაც, ვინც აწესებს და მათაც, ვისაც უწესებენ და ევროპულ ქვეყნებს ამის აღიარება უჭირთ.

"ამიტომ ვფიქრობ, რომ მათი გაუქმება ყველას ინტერესშია." თქვა პუტინმა.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უფრო ინტენსიური დიალოგის გზით რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში პროგრესს მივაღწევთ." განაცხადა სებასტიან კურცმა. კურცის თქმით სასურველი სცენარი უკრაინაში დიპლომატიური პროგრესის შედეგად ყირიმის ანექსიისათვის დაწესებული სანქციების ეტაპობრივი შემსუბუქებაა. საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში კურცი რუსეთისათვის სანქციების მოხსნას უჭრდა მხარს და ევროკავშირს რუსეთთან საერთო ენის გამონახვისაკენ მოუწოდებდა.

ვლადიმირ პუტინმა ავსტრიაში ვიზიტამდე ავსტრიულ სატელევიზიო არხ ORF-ს მისცა ინტერვიუ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი ევროკავშირის დაყოფას არ ცდილობს. მან ეს განცხადება ავსტრიაში ვიზიტამდე გააკეთა. პუტინის თქმით მას ერთიანი და წარმატებული ევროკავშირი სურს, რადგან ის რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია.

"რაც უფრო მეტი პრობლემაა ევროკავშირის გულში, მეტი პრობლემა და რისკი გვექმნება ჩვენ." "ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა ევროკავშირთან. ჩვენი მიზანი არაა ვინმეს ან რაიმეს დაყოფა ევროკავშირში." თქვა მან.

პუტინმა კომენტარი გააკეთა გამოძიებაზეც, რომელმაც დაადგინა, რომ რაკეტა, რომელმაც 2014 წელს უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი MH17 ჩამოაგდო რუსული წარმოშობისაა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე ბრიგადიდან გაისროლეს. მან ბრალდება უარყო და თქვა, რომ კონფლიქტის ყველა მხარე ფლობს რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში დამზადებულ შეიარაღებას.

კომენტარები