დევდარიანი: ჩემ წინააღმდეგ საჩივრები რეალურად ჭორაობაა

ტაბულა

ზვიად დევდარიანი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში ადანაშაულებენ, დღეს სახალხო დამცველთან გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

მისი ადვოკატის ინფორმაციით, მათ ორი კვირის წინ სამი ქალის განცხადება ჩაბარდათ, დღეს კი კიდევ ერთის.

ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ ეს საჩივრები ჭორაობაა და იქ თითქმის იგივე წერია, რაც გამოქვეყნებულ სტატიებში.

"ის, რაც ჩვენ აქ ვნახეთ, 3 საჩივარი, რაც გადმოგვეცა ორი კვირის წინ, რეალურად არის ჭორაობა ორ გვერდზე. ფაქტობრივად, ცოტა უფრო მეტი ინფორმაციაა, ვიდრე მათ შორის თქვენთან განთავსებულ ინტერვიუებში. მხოლოდ ეს არის მოცემული ფაქტობრივად. თითოეულზე, ამ ორგვერდიან საჩივარზე დაახლოებით 15-გვერდიანი პასუხი გავეცი - ყველა სიტყვას, ყველა წინადადებას და ყველა აბზაცს გაეცა ჩემი მხრიდან პასუხი. 42-გვერდიანი უკუგება არის მიცემული ჩემი მხრიდან ამ საქმეზე. მეოთხეზე საჩივარზეც უახლოეს დღეებში მივაწვდი უკუგებას", - თქვა დევდარიანმა.

ტაბულას კითხვას, სახალხო დამცველის წარმომადგენლების კითხვები ეხებოდა მხოლოდ სექსუალურ შევიწროებას თუ საუბარი იყო სექსუალურ ძალადობაზეც, დევდარიანი არ პასუხობს. მისი თქმით, ამის გავრცელება კანონით ეკრძალება.

"მე შინაარსზე ვერ ვილაპარაკებ ბუნებრივია და ეს არ ხდება იმიტომ, რომ მე ამაზე საუბარი არ მინდა. ყველაფერს აქვს თავისი პროცედურა. მესამე პირებისთვის ამ ინფორმაციის გადაცემა არის კანონით შეზღუდული", - ამბობს CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი.

დევდარიანმა ასევე თქვა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები იყო „ბინძური კამპანია“, რომლის მიზანი მისი რეპუტაციის შელახვა იყო.

"ის, რასაც ვკითხულობდი განცხადებებში, კიდევ ერთხელ მიუთითებდა იმას, რასაც სულ ხაზს ვუსვამდი, რომ ეს იყო ძალიან სამწუხარო, შეცდომა და ძალიან ბინძური კამპანია, რომელსაც ერთადერთი ამოცანა ჰქონდა - ჩემი საქმიანი რეპუტაციის განადგურება  მომხდარიყო. ამის შესახებ ღიად საუბრობდნენ ის ქალები, რომლებიც აორგანიზებდნენ ამ კამპანიის", - აცხადებს დევდარიანი.

მისივე თქმით, ის არავის წინააღმდეგ არ იბრძვის, მათ შორის არ იმ ქალების, რომლებსაც პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებს. დევდარიანი აცხადებს, რომ მისი მიზანი სიმართლის და მსგავს საქმეებზე სტანდარტის დადგენაა.

"ერთადერთი ამოცანა ჩვენს პროცესს აქვს სიმართლის დადგენა, ამიტომაც ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახალხო დამცველთან და სასამართლოსთან. ამიტომაც ვგეგმავთ, რომ სასამართლო კიდევ ერთი ინსტანცია გახდეს, რომელიც თავისი მხრიდან იმუშავებს სტანდარტის დადგენაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი. გამოდის, რომ ჩემზე ხდება ფაქტობრივად ძალიან ბევრი საკითხის დაზუსტება და დადგენა ამ უწყებებში, იმის გამო, რომ ეს არის პრეცედენტული საქმე. მაგრამ მე ჩემი მხრიდან გავაკეთებ ყველაფერს სამართლებრივი გზით, იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე და დადგინდეს სტანდარტი", - ამბობს ის.

CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ზვიად დევდარიანი 16 მარტს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

კომენტარები