ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საია

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულ ი.ა.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, რომლებმაც ბრალდებული ამოიცნეს. ასევე გამოიკვლიეს წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი - დანა და ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელზეც მოკლულის სისხლი აღმოჩნდა.

მოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 22:40 საათზე, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის ტერიტორიაზე, ი.ა.-მ შურისძიების მიზნით მ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც მ.ა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა , ხოლო დამნაშავე მიიმალა.

სამართალდამცველებმა იგი 2017 წლის 16 სექტემბერს, ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედებოდა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუვნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები