ადვოკატი: დევდარიანის წინააღმდეგ კამპანია იმან დაგეგმა, ვინც ბორდში კანდიდატურა გაიყვანა

ტაბულა

ზვიად დევდარიანი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში ადანაშაულებენ, აპირებს პატივისა და ღირსების შელახვისთვის 8 ივნისს სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი განცხადება მან ადვოკატთან ერთად დღეს მას შემდეგ გააკეთა, რაც საქმეზე სახალხო დამცველის აპარატში გამოკითხეს.

ადვოკატი არ ასახელებს, კონკრეტულად ვის უჩივის დევდარიანი. ამბობს მხოლოდ იმას, რომ იქნება დაახლოებით 8 ადამიანი და მათ ვინაობას 8 ივნისს იტყვის. დიმიტრი გაბუნიას თქმით, მათ შორის იქნებიან ის ადამიანები, ვინც ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ "კამპანია" დაგეგმა და განახორციელა.

ადვოკატი ამ "კამპანიას" საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დევდარიანის დასახელებას უკავშირებს.

"მე შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, რომ ეს სუბიექტები იქნებიან ის პირები, ვინც ეს კამპანია დაგეგმა, იმიტომ რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია იმ ელემენტარული მიზნით, რომ ზვიად დევდარიანს მოეხსნა თავის კანდიდატურა საზმაუს ბორდის წევრობიდან. ვინც შეასრულა, ვინც განახორციელა, ეს ყველაფერი ჩვენ მიერ არის გამოძიებული სამართლებრივად, სწორედ ამიტომაც დაგვჭირდა ორთვენახევარი დაახლოებით.

8 ივნისს სარჩელის შეტანის დროს გავაჟღერებთ იმ ფიზიკურ პირებს, ვინც უშუალოდ გაავრცელა ცილისმწამებლური ინფორმაცია დევდარიანის მიმართ, ვინც ეს კამპანია დაგეგმა და არც თუ ისე უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანები არიან", - აცხადებს გაბუნია.

ადვოკატმა დააანონსა, რომ პროცესი იქნება "საკმაოდ სკანდალური". მისი თქმით, დევდარიანის წინააღმდეგ "კამპანიაში" ჩართული იყვნენ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირები, არამედ ის ადამიანები, კონკრეტულად ის ჯგუფები, "ვინც თავის კანდიდატურა გაიყვანა".

გარდა ამისა, დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, მათ ორი კვირის წინ ჩაბარდათ 3 ქალის ჩვენება, დღეს კი კიდევ ერთის. ადვოკატი ამბობს, რომ არანაირ სექსუალურ შევიწროებას და დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია და საქმეში ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არის.

"ჩემი როგორც ადვოკატის მოლოდინი უფრო მეტი იყო, რომ უფრო მეტი მტკიცებულება იქნებოდა. საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ არის, არის მონაყოლი ამბები, როგორც მეგობარი მეგობარს ეტყვის, არანაირი მტკიცებულებით გამყარებული და რაც ყველაზე მთავარია 3-4-5 წლის უკანდელ ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ იქნა დეტალური ახსნა-განმარტება მიცემული და წარდგენილი წერილობით ფორმით, კონკრეტული მტკიცებულებებით", - აცხადებს გაბუნია.

ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მიიყვანოს საქმე ბოლომდე და დროულად შეწყვიტოს დევდარიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.

CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ზვიად დევდარიანი 16 მარტს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

კომენტარები