კრიმინალი

შსს: რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დავაკავეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი არასრულწლოვანი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ 2001 წელს დაბადებული ლ.ც. და ა.ჩ. სასურსათო მარაზიის გაქურდვას აპირებდნენ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 5 მაისს, ღამით, რუსთავში, მე-14 მიკრორაიონში მდებარე სასურსათო მაღაზიის ქურდობა განიზრახეს. მათ კარი დააზიანეს და როდესაც მაღაზიაში შეღწევას ცდილობდნენ, გამვლელმა შეამჩნია და პოლიციას აცნობა. არასრულწლოვნებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.

მოქალაქემ, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან გამოკითხვისას სამართალდამცველებს არასრულწლოვნების გარეგნობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რის შედეგადაც, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლ.ც. და ა.ჩ., მიმდინარე წლის 29 მაისს რუსთავში დააკავეს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

კომენტარები