დონალდ ტრამპი

ტრამპის თქმით, თუ სამიტი კარგად ჩაივლის, შესაძლოა, კიმ ჩენ ინი აშშ-ში მიიწვიოს

მუნ ჯე ინი და დონალდ ტრამპი
EPA

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ სინგაპურში სამიტი კარგად ჩაივლის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის თეთრ სახლში მიწვევას განიხილავს.

ტრამპის თქმით სამიტზე შესაძლოა კორეის ომის დასრულებას მიაღწიონ, თუმცა ეს მოლაპარაკებების "მარტივი ნაწილია" და ყველაზე მნიშვნელოვანია "რა მოხდება ამის შემდეგ."

"ჩემი აზრით ძალიან კარგად ვარ მომზადებული. არ მგონია, რომ ძალიან უნდა მოვემზადო. ეს მიდგომაზე და სურვილზეა დამოკიდებული." თქვა მან.

დონალდ ტრამპმა ეს კომენტარი იაპონიის პრემიერმინისტრთან, სინძო აბესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ორი ქვეყნის ლიდერებმა 12 ივნისის სამიტი და მათი ქვეყნის ინტერესები განიხილეს.

აშშ-ს და მის მოკავშირეებს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ატომური იარაღის სრულად დათმობა სურთ, თუმცა ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ერთზე მეტი შეხვედრა იქნება საჭირო. ტრამპის თქმით ტერმინ "მაქსიმალურ ზეწოლას" აღარ გამოიყენებს, რადგან "მეგობრულ მოლაპარაკებებს" იწყებენ, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ კიდევ ბევრი სანქციის დაწესება შეუძლია. დონალდ ტრამპმა ასევე უარყო ცნობა, რომ სამიტში მონაწილეობას ამერიკელი კალათბურთელი დენის როდმანიც მიიღებს. როდმანი ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმეჯერ იმყოფებოდა და კიმ ჩენ ინთან მეგობრობს.

"მე მომწონს ის, სასიამოვნო პიროვნებაა. არა, ის არ არის დაპატიჟებული." თქვა ტრამპმა როდმანზე.

კომენტარები