სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პრემიერმინისტრს კითხვები სასამართლოსთან აქვს

0 კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი ფოტო: საქართველოს მთავრობა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე საქართველოს მთავრობას კითხვები აქვს არა პროკურატურასთან, არამედ სასამართლოსთან.

როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, "სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა".

"დღევანდელ სხდომა ვიწყებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით, რომელმაც სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის ყველასთვის და ასევე, საზოგადოებისთვის, არის ძალიან პრინციპული მნიშვნელობის.

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად, ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება. ჩვენ დავკარგეთ ორი ახალგაზრდა და სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც", - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ "სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება" და ჩამოთვალა ეს რეაგირებები: დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და შსს-ს მიერ გამოძიების განახლება. პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება რუსთაველზე აქციების დაწყებამდე იყო მიღებული და ამის ხაზგასმის მიზეზად თქვა - "ვინმემ რომ არ მიიწეროს".

"ვფიქრობთ, იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ჩვენშიც არსებობს, უახლოეს პერიოდში გაეცემა პასუხები", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

მთავრობის მეთაური ასევე მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძემ თანამდებობიდან გადადგომით პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი სტანდარტი აჩვენა. სასამართლოს კრიტიკის პარალელურად, მას დღეს არ გაუკრიტიკებია გამოძიება, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელი პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიუცია.

"ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი გამოიჩინა მთავარმა პროკურორმა და მყისიერად გადადგა თანამდებობიდან, რაც მე ვფიქრობ, ასევე უპრეცედენტოა, მინდა მოსახლეობას მივმართო, გააკეთონ შედარება, როდესაც თვეობით იდგა მოსახლეობა ქუჩებში და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო არანაირი რეაგირება, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე დღევანდელი ხელისუფლება. მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილება მოხდა", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სასამართლო არ არის ისეთი, როგორიც გვინდა, თუმცა საზოგადოებამ ტენდენციები უდნა დაინახოს.

"განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი სასამართლო რეფორმაზე. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ რა თქმა უნდა ის დღეს არ არის ისეთი, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ დაინახონ ტენდენციები. ტენდენციების გამოკვეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში აღქმები იყოს ისეთი, რომ ნდობა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. სახელმწიფომ ამისთვის უფრო მეტი უნდა გააკეთოს და სასამართლოს რეფორმა არის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება, რომელზეც გაცილებით მეტი აქცენტის გაკეთება მოგვიწევს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია არც ერთ მინისტრს, მათ შორის, არც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომლის გადადგომის მოთხოვნით დღეს იუსტიციის სახლთან აქცია იმართება.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურასთან კითხვები თეა წულუკიანსაც არ აქვს. ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ მან განაცხადა, რომ ეს "სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივია". იუსტიციის მინისტრმა ყოფილ მთავარ პროკურორს მადლობაც გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 31 მაისის გადაწყვეტილების მიხედვით, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულებს შორის დავით სარალიძის მკვლელი არ არის და ის ამ დრომდე თავისუფალია.

მოსამართლემ ერთი ბრალდებული (გ.ბ.) დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო სარალიძის მკვლელობაში გაამართლა. მეორე ბრალდებული (გ.ჯ.) კი გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო არა სარალიძის მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში.

დღეს, 19:00 საათზე მოქალაქეები იუსტიციის სახლთან თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ წულუკიანი ვერ შეარჩევს დამოუკიდებელ პროკურორს და ითხოვენ ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევას სამოქალაქო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად, მისი წინამორბედის შეცდომებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა, მას მიზნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა

კომენტარები