შსს: მძღოლი დაკავებულია, მას 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ინტერპრესნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ედება ბრალად. 

"ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი 1981 წელს დაბადებული ბ. კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა", - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

ტაბულა იმის გასარკვევად ჰქონდა თუ არა მიკროავტობუსს სანომრე ნიშნით OO-540-ON სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება გავლილი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ დაწყებულია წინასწარი გამოძიება და სამინისტრო ავარიასთან დაკავშირებით არსებულ ყველა დოკუმენტს შეისწავლის. 

შეგახსენებთ, რომ 8 ადგილზე დიდი ტევადობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება 2018 წლის 1 იანვრიდან დაეკისრათ. ასევე არსებობს ჯარიმებიც, თუ ავტომობილი სავალდებულო დათვალიერების გარეშე მოძრაობს ის 50 ლარით დაჯარიმდება. 

კომენტარები