მთავრობა ექსკურსიების რეგულირებას გეგმავს, შესაძლოა ექსკურსიებს ესკორტი გაყვეს

ინტერპრესნიუსი

განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მთავრობა სასკოლო ექსკურსიების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ახალ ნორმებს შეიმუშავებს. ექსკურსიების ორგანიზება მოხდება სამინისტროსთან შეთანხმებით, დაიწყება ექსკურსიების მძღოლების ლიცენზირება და შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსკურსიების ესკორტირებაც დაიწყოს.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსკურსია თვითორგანიზებული იყო, ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები. მოსაგვარებელია ესკორტის საკითხები და სპეციალური ნებართვა მძღოლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას. როგორც კი დავბრუნდები, შევხვდები შს მინისტრს, გიორგი გახარიას და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს,"- ამბობს განათლების მინისტრი.

გომბრის უღელტეხილზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი არასრულწლოვანი იყო. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაკავებულია მიკროავტობუსის მძღოლი, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები