სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

შსს: რუსთაველზე 4 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის დავაკავეთ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 4 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. მათ შორის არის ზვიად კუპრავაც.

კუპრავას გარდა, დაკავებულები არიან: 1983 წელს დაბადებული ლ.ც., 1995 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1993 წელს დაბადებული ნ.გ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ამავე დროს, სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დაცული იქნეს კანონი, არ შეილახოს მოქალაქეების უფლებები და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს", - აცხადებენ უწყებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს.

ამის შემდეგ, პოლიციამ საავტომობილო ნაწილზე გადატანილი კარვები დაშალა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენელის კარვების დაშლამდე აცხადებდა, რომ მთელი ქალაქი პარალიზებულია და აქციის მონაწილეებთან კარვების გადატანის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ძალიან ბევრი ნასვამი მოქალაქე მოძრაობს, არაერთგიზს დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, ირღვევა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი. მოქალაქეებს ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილების უფლება, ვინაიდან, აქ დგას 20-30 ადამიანი და ეს ყველანაირ საზღვარს ცდება. მთელი ქალაქი არის პარალიზებული. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს სამართალდარღვევები აღვკვეთოთ და კარვები გადავიტანოთ იქ, სადაც გუშინ იყო და დავუბრუნოთ მოქალეებს თავისუფალი გადაადიგლების უფლება", - განაცხადა საპატრულო პოლიიციის წარმომადგენელმა.

რუსთაველზე ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 10:00 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებების ცვლილებაზე საუბრობდა. როგორც ჩანს, იმ დროისთვის უწყებაში არ მიიჩნევდნენ, რომ "მთელი ქალაქი არის პარალიზებული" და კარვების დაშლის გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ იყო.

გუშინ, 10 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის, "ნუ მომკლავ" ორგანიზატორებმა კარვების საავტომობილო გზაზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ისინი მთავრობის მხრიდან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დაიშლებიან.

სარალიძე გიორგი კვირიკაშვილის, თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას გადადგომას, ასევე ირაკლი შოთაძის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

"კარვების გზაზე გადატანა ჩემი გეგმის უკიდურესი ნაწილი იყო. მე მოვუწოდე მმართველ პარტიას გვერდში დამდგომოდა, მაგრამ არავინ მოვიდა", - ამბობს ის.

რუსთაველის გამზირზე აქციის განახლება დღეს, 14:00 საათზე იგეგმება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები