აქცია რუსთაველზე

ლომჯარია: გზის დაკეტვა დასაშვებია, თუ ხალხის რაოდენობის გამო სხვაგვარად შეუძლებელია

ტაბულა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისში, პარლამენტის ძველი შენობის წინ აქციია მონაწილეების მიერ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას გამოეხმაურა. ობუდსმენის თქმით, აქციის გამართვა გზის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როცა შეკრების ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე.

"საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაცშეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე. საქართველოს მთავრობას ან თვითმართველობის ორგანოს აქვს უფლება შეზღუდოს პირის უფლება გამართოს მანიფესტაცია ან შეკრებატრანსპორტის სავალ ნაწილზე, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით. სახალხო დამცველის აპარატი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ზაზა სარალიძის და სხვა დაზარალებულთა უფლებების დასაცავად; ცდილობს მიაგნოს და შეისწავლოს საქმის ყველა დეტალი, რაც ნათელს მოფენს მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შემშლელ ფაქტორებს და გამოკვეთს ამ დანაშაულში მონაწილე პასუხისმგებელ პირებს. აპარატი ასევე მუშაობს სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად." - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის "ნუ მომკლავ" ორგანიზატორების მიერ განთავსებული კარვები დაშალა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

საპატრულო პოლიციამ კარვები და ნივთები, რომლებიც კარვებში იყო, გზის მეორე მხარეს გადაიტანა. დაახლოებით ერთი საათის წინ, რუსთაველზე ხმაური იყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ოთხი მონაწილე დააკავა.

კომენტარები