საგამოძიებო კომისია

კახიძე: ოთხშაბათს იქნება ცნობილი იმ პირთა სია, ვისაც კომისია დაკითხავს

ტაბულა

"დროებითი საგამოძიებო კომისია მტკიცებულებების გაცნობას იწყებს და საზოგადოებას ოთხშაბათს აცნობებს იმ პირთა სიას, ვინც მოვლენ და კომისიის წინაშე დაიკითხებიან," -  ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ ისაუბრა. კახიძის განცხადებით, კომისიამ საქმის შესწავლა ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრით დაიწყო.

,,საკმაოდ ვრცელი შეხვედრა გვქონდა ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატთან, სადაც მთლიანად საქმის პერიპეტიები განვიხილეთ. საგამოძიებო კომისია ასევე თანამშრომლობს ნინო ლომჯარიასთან. სახალხო დამცველი მუშაობს აღნიშნულ საქმეზე და კოორდინირებულები ვართ საქმის შესწავლის ფარგლებში. ვიწყებთ მტკიცებულებების გაცნობას და საზოგადოებას ოთხშაბათს ვაცნობებთ იმ პირთა სიას, ვინც მოვლენ და კომისიის წინაშე დაიკითხებიან,“-აცხადებს ოთარ კახიძე. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალები პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დღეს უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც უნდა დაიგეგმოს თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული პირების გამოკითხვა." - ამბობს კახიძე.

დროებითი საგამოძიებო კომისია ევროპული საქართველოს ინიციატივით შეიქმნა. კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. ის დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მასალებს შეისწავლის, ასევე, როგორც მისმა თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ თქვა, კომისიის პირობებში გამოიკითხება ყველა ადამიანი, ვის მიმართაც ამ საქმესთან დაკავშირებით, კითხვები არსებობს.

მთლიანობაში კომისია 17 ადამიანისგან შედგება, მის უმრავლესობას - 9 წევრი, ევროპული საქართველო წარმოადგენს, ქართული ოცნება კი 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

 

კომენტარები