ვლადიმირ პუტინი

პუტინი: მზად ვარ ტრამპთან შესახვედრად, როდესაც აშშ ამისათვის მზად იქნება

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება გამართოს სამიტი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მაშინ, როდესაც ოფიციალური ვაშინგტონი ამისათვის მზად იქნება.

"აშშ-ის პრეზიდენტი მუდმივად ამბობს, რომ ასეთი შეხვედრის ჩატარება გონივრული იქნება. როგორც კი აშშ-ის მხარე მზად იქნება, შეხვედრა შედგება, იმის მიხედვით, რა თქმა უნდა, თუ როგორი სამუშაო გრაფიკი მექნება." თქვა პუტინმა ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე.

პუტინმა განაცხადა, რომ ავსტრია იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც ტრამპითან სამიტის მასპინძლობა შესთავაზა. გასულ კვირას ის ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და კანცლერ სებასტიან კურცს შეხვდა.

პუტინი რუსეთის დიდ შვიდეულში (2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის გაძევებამდე - დიდი რვიანი) დაბრუნების თაობაზე ტრამპის კომენტარსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ტრამპთან კონსტრუქციული დიალოგი შესაძლებელია და ის "სერიოზულად მოაზროვნე პიროვნებაა, რომელმაც იცის, როგორ მოუსმინოს ხალხს და უპასუხოს მათ არგუმენტებს."

"ჩვენ არ დაგვიტოვებია ისინი. კარგად ცნობილი მიზეზების გამო კოლეგებმა უარი განაცხადეს რუსეთში ჩამოსვლაზე. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ისინი მოსკოვში" თქვა პუტინმა.

კვებეკში დიდი შვიდეულის სამიტზე ტრამპმა დასვა კითხვა: "რატომ ვმართავთ შეხვედრას რუსეთის გარეშე? რუსეთი უნდა იყოს შეხვედრაზე, ამის ნაწილი უნდა იყოს."

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, ტრამპს აუხსნა, რომ რუსეთის დაბრუნება "საერთოდ არ განიხილება."

პუტინმა დიდი შვიდეულის განცხადებაც გააკრიტიკა, რომელშიც ქვეყნების ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს შეწყვიტოს დემოკრატიული სისტემების დესტაბილიზაციისაკენ მიმართული ქმედებები და სირიის რეჟიმის მხარდაჭერა. დიდი შვიდეულის ლიდერები ასევე იზიარებენ დიდი ბრიტანეთის პოზიციას, რომ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში "დიდი ალბათობით" რუსეთია დამნაშავე.

"კვლავაც არაფერი კონკრეტული არ ითქვა. დროა შეწყდეს ყბედობა და რეალურ საკითხებს მივხედოთ." თქვა პუტინმა.

კომენტარები