დროებითი საგამოძიებო კომისია

ნადირაშვილი: საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროსგან საქმის მასალები მიიღო

,,დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროდან საქმის მასალები მიიღო," - ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. 

,,ცხადია, ბატონ ზაზა სარალიძეს აქვს უსამართლობის განცდა იმიტომ, რომ მისი შვილის მკვლელები არ არიან დაკავებულები. არ არიან დასჯილები ის ადამინები, ვინც ხელს აფარებენ დამნაშავეებს. სარალიძე აყენებს მოთხოვნებს იმისთვის, რომ მისი შვილის მკვლელები დაისაჯონ. ევროპულ საქართველოს მუდმივი კონსულტაციები ექნება ზაზა სარალიძესთან და ცხადია, ყველა ეტაპზე ჩვენ გვერდზე დავუდგებით. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ გეგმას, იცით, რომ ევროპული საქართველო გადართულია საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე და დღეს შს სამინისტროდან მივიღეთ საქმის მასალები . პირველი სხდომა ამ კვირაში გაიმართება,’’ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია ევროპული საქართველოს ინიციატივით შეიქმნა. კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. ის დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მასალებს შეისწავლის, ასევე, როგორც მისმა თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ თქვა, კომისიის პირობებში გამოიკითხება ყველა ადამიანი, ვის მიმართაც ამ საქმესთან დაკავშირებით, კითხვები არსებობს.

მთლიანობაში კომისია 17 ადამიანისგან შედგება, მის უმრავლესობას - 9 წევრი, ევროპული საქართველო წარმოადგენს, ქართული ოცნება კი 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

 

კომენტარები