ნუ მომკლავ

შსს: ნიკანორ მელია თავისუფალია

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრი, ნიკა მელია თავისუფალია. უწყებაში ამბობენ, რომ დეპუტატი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და პოლიციამ სამართალდარღვევა ადგილზე აღკვეთა.

შსს-ში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე 9 პირი დააკავეს და მათგან ორი ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრია.

"რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლებით დაკავებულია 9 პირი. მათ შორის თბილისის საკრებულო წევრები ნაციონალური მოძრაობიდან -ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი

აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი, ნიკანორ მელია, რომელიც ასევე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას და არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს. პოლიციამ ადგილზე აღკვეთა ნიკანორ მელიას სამართალდარღვევა. პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია თავისუფალია", - განაცხადეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, დაახლოებით ორი საათის წინ, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დეპუტატი ნიკა მელია სამართალდამცავებმა მანქანაში იძულებით ჩასვეს და ტერიტორიიდან წაიყვანეს.

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტციის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

კომენტარები