TANAP

TANAP-ის გახსნას არც მარგველაშვილი, არც კვირიკაშვილი და არც ქუმსიშვილი არ დაესწრებიან

president.az

თურქეთის ქალაქ ესქიშექირში დღეს საქართველოსა და რეგიონული ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი ტრანს-ანატოლიური მილსადენი (TANAP-ი) გაიხსნება. მილსადენის გახსნას რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ილჰამ ალიევი და პეტრო პოროშენკო დაესწრებიან. თუმცა, საქართველოს მხრიდან მის გახსნას უმაღლესი თანამდებობის პირები არ დაესწრებიან.

თურქული მხარის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალზე მიწვეული გიორგი მარგველაშვილი იყო, ამას პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ საბოლოოდ ვიზიტი აღარ შედგა.

ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს რომ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი თურქეთში არ იგეგმება. ეკონომიკის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ თურქეთში გამგზავრებას არც პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გეგმავს.

"სამხრეთის გაზის დერეფანით" საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. მილსადენის თურქულ ნაწილს TANAP-ი ეწოდება. მისი მშენებლობა $8.5 მილიარდი დოლარი დაჯდა. შემდგომში ის ტრანსადრიატიკულო (ТАР) გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივ აირს ევროკავშირს მიაწვდის. მილსადენის 58% აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, 30% თურქეთის მთავრობას, 12% კი BP-ს. 

სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში საქართველოში $2 მილიარდიანი ინვესტიცია ჩაიდო. 

პროგნოზის თანახმად, „შაჰ-დენიზის“ საბადოს II ფაზის ათვისების შემდეგ 2019-2020 წლიდან, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი „ოფციური“ და „დამატებითი“ გაზის ჯამური მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება - წლიურად 1.2 მილიარდი მეტრ კუბით, ხოლო პერსპექტივაში - წლიურად 1.6 მილიარდ მეტრ კუბამდე. შედეგად, არსებული მოწოდების ხელშეკრულების გათვალისწინებით, „სოციალური“ სექტორის მთლიანი მოთხოვნა 2026 წლის ჩათვლით დაკმაყოფილებული იქნება.

კომენტარები