საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

როგორ ესმის საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრს უმცირესობების საკითხები

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 8 ივნისის სხდომაზე, სადაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018-2020 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტს განიხილავდნენ, საბჭოს წევრმა, გია იაკობაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც გენდერულ მრავალფეროვნებას და ლგბტ ადამიანებს ეხება და ეს ჯგუფები დამცინავად მოიხსენია. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათ უფლებებს იცავენ, ამას "ბიზნესისთვის" აკეთებენ. 

იაკობაშვილმა თქვა, რომ თუ მაუწყებლის პრიორიტეტების პროექტში უნდა ჩაიწეროს, რომ ლგბტ ადამიანები დაუცველები არიან, მაშინ ასევე ჩაიწეროს სვინგერები, ნუდისტები, ბაიკერები და პანკები. 

"თუ ვამბობთ "დაუცველი ჯგუფებიო", უნდა ჩამოვთვალოთ, რომელ დაუცველ ჯგუფზეა საუბარი. ახლა მე რომ მოვიყვანო პანკები, უნდა ჩავწეროთ, რომ მათი უფლებები არის დარღვეული"? - იკითხა იაკობაშვილმა. 

საბჭოს წევრებმა, ნინია კაკაბაძემ და ქეთი მსხილაძემ სცადეს მისთვის აეხსნათ, რომ საქართველოში ქალები, ასევე ლგბტ ადამიანები ჩაგრულ ჯგუფებს წარმოადგენენ და ამის დამადასტურებელი ბევრი შემთხვევა არსებობს. 

ამაზე იაკობაშვილმა უპასუხა: 

"ლგბტ ჯგუფების სახელით საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, თვითონ ლგბტ თემის წარმომადგენლები არ საუბრობენ ამას, ამაზე საუბრობენ მათი "უფლებადამცველები", იმიტომ რომ ეს არის მათი ბიზნესი და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ ბიზნესს ხელი არ უნდა შეუწყოს", - თქვა იაკობაშვილმა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გია იაკობაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს. მისი თავდასხმის ობიექტი დასავლური ღირებულებების მატარებელი ორგანიზაციებია. 

კომენტარები