ეთიკის საბჭო

ინგოროყვას დირექტორი: ექიმი ეთიკური ნორმების დარღვევისთვის გათავისუფლებულია

ინგოროყვას კლინიკა

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, გიორგი ინგოროყვა ამბობს, რომ კლინიკის ექიმმა, მურთაზ მამაგეიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრს, ნინო კვიტაიშვილს სამედიცინო მომსახურება გაუწია და გავრცელებული ინფორმაცია, რომ კვიტაიშვილს არ უმკურნალეს, არასწორია. თუმცა, პაციენტთან არაეთიკური მოპყრობის გამო ის კლინიკიდან გათავისუფლებულია.

ინგოროყვა აცხადებს: 

"გუშინ ჩვენს კლინიკაში პაციენტ ნინო კვიტაიშვილსა და ექიმ-ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილს შორის მომხდარი გაუგებრობის მიუხედავად, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

ამასთან ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისათვის და ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან.

მინდა კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო მომსახურება გაეწია დროულად და ადექვატურად. ჩვენის მხრივ მივმართავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისი კომპენტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა". 

საქმე ნაციონალური მოძრაობის წევრი ნინო კვიტაიშვილის განცხადებას ეხება. მან თქვა, რომ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, მურთაზ მამაგეიშვილმა მას პოლიტიკური კუთვნილების გამო მკურნალობაზე უარი უთხრა. 

კვიტაიშვილის თქმით, მკურნალობაზე უარი მას შემდეგ მიიღო, რაც ექიმისთვის ცნობილი გახდა, რომ კვიტაიშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო და აქციაზე დაშავდა.

“ნაციონლური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს მსუბუქად დაშავდა, ნეტგაზეთთან თქვა, რომ ინგოროყვას კლინიკაში ექიმმა უთხრა, რომ “მეტის ღირსია”

კომენტარები