undefined

უმრავლესობის სხდომის შემდეგ, თალაკვაძე UNICEF-ის კვლევაზე დეტალურად ვერ საუბრობს

რუსთავი 2

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მათ მხოლოდ UNICEF-ის კვლევა განიხილეს და სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა. 

თუმცა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე, დაესახელებინა კვლევაში მოყვანილი კონკრეტული მონაცემები, თალაკვაძემ ზოგადი პასუხი გასცა. 

"ჩვენ ვართ ახლა კომენტარების რეჟიმში, კვლევა გასაჯაროვებულია და საზოგადოებას შეუძლია ნახოს, რა შედეგებია რა მიმართულებით. შედეგები ეხებათ ბავშვებს, პენსიონერებს, სოციალურად მოწყვლად ადამიანებს. ჩენ ველოდებით ქმედით გეგმას, რეაქციას მთავრობის მხრიდან", - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა. 

თალაკვაძის თქმით, "ამ შეხვედრის მთავარი საკითხები იყო მიმდინარე მოვლენები, საკითხები, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და ასევე გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები, სამთავრობო ცვლილებები დღეს განხილული არ ყოფილა, ვინაიდან ველოდებით მთავრობის მხრიდან სამოქმედო გეგმას იმ დარჩენილ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც კვლევამ აჩვენა".

უმრავლესობის სხდომა ქართული ოცნების ოფისში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი სამთავრობო ცვლილებებს და რამდენიმე მინისტრის გადაყენების საკითხს განიხილავდა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. 

კომენტარები