მაკედონია

საბერძნეთმა და მაკედონიამ ქვეყნის სახელზე დავის გადასაჭრელად შეთანხმებას მიაღწიეს

Reuters

საბერძნეთმა და მაკედონიამ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელთან დაკავშირებული დავის გადასაჭრელად შეთანხმებას მიაღწიეს. მაკედონიას Severna Makedonija (ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა) ეწოდება.

გადაწყვეტილებას მხარი მაკედონიელმა ხალხმა და საბერძნეთის პარლამენტმაც უნდა დაუჭიროს.

შეგახსენებთ, რომ მაკედონიამ საბერძნეთთან დავის გადასაჭრელად სახელის შეცვლის 4 ვარიანტი წამოაყენა.

შემოთავაზებული ვარიანტები იყო ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, ზემო მაკედონიის რესპუბლიკა, ვარდარის მაკედონიის რესპუბლიკა და მაკედონიის რესპუბლიკა (სკოპიე).

მაკედონია იმედოვნებდა, რომ სახელის შესახებ დავა ივნისში ევროკავშირის შეხვედრამდე და ივლისში ნატოს სამიტამდე გადაწყდებოდა, რათა ქვეყნის ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების საკითხს ხელი არ შეეშლოდა.

საბერძნეთის პროტესტის გამო 1993 წელს მაკედონია გაეროს "ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის" სახელით შეუერთდა. საბერძნეთი მეზობლის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებსაც ბლოკავდა.

დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც 1991 წელს მაკედონიამ დამოუკიდებლობაა მოიპოვა. საბერძნეთი ქვეყნის მიერ ამ სახელის მიღებას ეწინააღმდეგება, რადგან ამან შესაძლოა მაკედონიის მხრიდან საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე იგივე სახელწოდების რეგიონზე პრეტენზიის გამოთქმა გამოიწვიოს. მაკედონია მსგავს განზრახვას უარყოფს.

4 თებერვალს ათენის ქუჩებში 100,000-ზე მეტი ადამიანი მაკედონიის საკითხთან დაკავშირებით შესაძლო კომპრომისის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციაზე ჩანდა ბანერები წარწერით "მაკედონია ბერძნულია". პოლიციის განცხადებით მომიტინგეთა რიცხვმა 140,000-სს მიაღწია.

მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მათი მეზობლები სლავები არიან და საბერძნეთის მაკედონიასთან არავითარი ლინგვისტური და კულტურული კავშირი არ აქვთ. მაკედონიელების თქმით ისინი ძველი მაკედონიის სამეფოს ნაწილში ცხოვრობენ და მასთან კულტურული კავშირი აქვთ.

კომენტარები