კარვების დაშლა რუსთაველზე

მეზვრიშვილი რუსთაველზე კარვების აღებაზე: პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, გუშინ რუსთაველზე, გზის სავალი ნაწილიდან პოლიციამ კარვები კანონის დაცვით აიღო. 

მეზვრიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ეს კარვები გამოიყენებოდა, როგორც წესრიგის დარღვევის ინსტრუმენტი. 

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს კარვები აბსოლუტურად მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში გადავიტანეთ ტროტუარზე, მოქალაქეებს მივეცით იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატვის თავისუფლების რეალიზება მშვიდობიან გარემოში, უკვე ტროტუარზე მოეხდინათ. ყველამ კარგად ნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები. ეს კარვები ამ ადამიანების მხრიდან გამოიყენებოდა არა როგორც გამოხატვის თავისუფლების ეფექტიანი რეალიზაციის შესაძლებლობა, რასაც ჩვენც ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, იმიტომ, რომ, როგორც სამართალდამცავი ორგანო, ჩვენც პატივს ვცემთ კანონს... ეს კარვები, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ გამოიყენებოდა როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ინსტრუმენტი, იმიტომ, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც კარავში შესულ პოლიციელებს ჯერ ერთი - არ უშვებდნენ, მეორე - შიგნით შესულ პოლიციელებს, რომლებსაც, რომლებსაც აბსოლუტურად ჰქონდათ ამისი უფლება, იმიტომ, რომ ეს არ იყო ვიღაცის კერძო საკუთრება, სადაც შესვლას, მაგალითად, მოსამართლის განჩინება სჭირდება, პირობითად რომ ვთქვათ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას“, - თქვა შს მინისტრის მოადგილემ. 

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა კარვები რუსთაველზე, მანქანების სავალ გზაზე გაშალეს, 11 ივნისს კი, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, პოლიციამ ისინი კვლავ ტროტუარზე გადმოიტანა. მიზეზად დასახელდა ის, რომ გადაკეტილი რუსთაველი ქალაქში მოძრაობის პარალიზებას იწვევდა.

მოგვიანებით, როდესაც აქ ენმ-ის წევრი, ნიკა მელია მოვიდა და მასა და პოლიციელებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი მელია, შსს-ის განცხადებით, სიტუაციას განარიდეს, სამართალდამცველებმა ტროტუარზე მდგარი კარვებიც აიღეს. 

კომენტარები