ჯანსაღი ცხოვრების წესი

კალაძე: ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მარათონი „თბილისი“ დაფუძნდება

თბილისის მერია

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მარათონი „თბილისი“ დაფუძნდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, მარათონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მარათონი 24 ივნისს, 09:00 საათზე, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე გაიმართება.


„მინდა გაცნობოთ ახალი, ძალიან საინტერესო ინიციატივის შესახებ, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მასობრივ სპორტულ აქტივობებში მოქალაქეთა ჩართვას ეხება. ესეც ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება. ვაპირებთ, დავაფუძნოთ მარათონი „თბილისი“, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მათ შორის, რასაკვირველია, სპორტსმენებს - ნებისმიერ ადამიანს,
პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ვისაც სურვილი აქვს. მარათონი 24 ივნისს, 09:00 საათზე, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე გაიმართება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას მოუწოდა, აღნიშნულ აქტივობაში ჩაერთოს და მარათონში მონაწილეობა მიიღოს. 

„ვფიქრობ, რომ ეს კარგი ინიციატივაა. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. მოგიწოდებთ ყველას, რომ ჩავერთოთ და ერთად ავუხსნათ, ვუთხრათ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა
თითოეული ჩვენგანისთვის. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს წაადგება იმ  საქმიანობაში, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები