მზიურის პარკში თბილისის მერიის ორგანიზებით ღონისძიება "ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი" გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ფოტოგამოფენა და ვიდეოჩვენება გაიმართა, რომელიც ასახავდა როგორც სტიქიის დღეს, მის შედეგებს, ასევე, მოხალისეების ჩართულობას ქალაქის გაწმენდის სამუშაოებში.
გამოფენაში მონაწილეობდნენ ფოტოგრაფები: ნინო ალავიძე, ალექს აფციაური, გია აბდალაძე, გიო მაჭავარიანი, დინა ოგანოვა, ერეკლე როსტომაშვილი, თინა კიღურაძე, ლაშა გიგაური, ლელი ბლაგონრავოვა, ნინუცა კაკაბაძე და ნოდარ ცხვირაშვილი.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო.
„დღეს, მზიურის პარკში ის მძიმე დღეები კიდევ ერთელ გავიხსენეთ, რაც 13 ივნისის ტრაგედიასთან იყო დაკავშირებული. დაღუპულების ოჯახებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო. ახალგაზრდების როლი, სოლიდარობა იყო მნიშვნელოვანი, რაზეც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი. სამი წლის წინ, მათთან ერთად მდგომი, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ დედაქალაქზე პასუხისმგებელი ადამიანი ვიქნებოდი. დღესაც ახალგაზრდების გვერდით ვდგავარ. დარწუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ძალიან ბევრ რამეს შევძლებთ, როგორც რიგითი ადამიანები, მოხალისეები, მაშველები, ადამიანები, ვისაც ქალაქი უყვართ და აქვთ სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი, ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებული იყოს. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ“, - განაცხადა კახა კალძემ.
დედაქალაქის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება. ბეჰემოტის ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი ლევან ვარდოსანიძე იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის სტიქიიდან 3 წელი გავიდა. წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი.
თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.
სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.