ეკონომიკური ზრდა

კობახიძე: საქართველო რეგიონში ზრდით გამოირჩევა. [სინამდვილეში თითქმის ყველას ჩამორჩება]

საქართველოს პარლამენტი

საპატიო მესამე ადგილი - ეს არის ის პოზიცია, რაც საქართველომ 2017 წელს რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდით დაიკავა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, 2017 წელს რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სომხეთს ჰქონდა, რაც 7.47%-ს შეადგენდა, მეტიც, სომხეთი 2017 წელს ეკონომიკური ზრდით მსოფლიოს პირველ ათეულშიც მოხვდა. მეორე ადგილზე თურქეთი იყო, რომელიც 2017 წელს 7.07%-ით გაიზარდა. 

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ კი 5% შეადგინა. საქართველოზე დაბალი ზრდა ჰქონდა რუსეთს (1.54%) და აზერბაიჯანს (0.07%). 

"ეკონომიკის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გასული წლების განმავლობაში. საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით, მთელი რეგიონის მასშტაბით, ევროპის ქვეყნებს შორის, რაც არის „ქართული ოცნების“ ძალიან კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გამოვირჩევით ძალიან კარგად გააზრებული დახვეწილი ეკონომიკური პოლიტიკით და სწორედ ამის შედეგია ის წინსვლა, რომელიც აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში გასული 6 წლის განმავლობაში,"- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

საინტერესოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2012 წლამდე არსებულ მაღალ ტემპს მხოლოდ 2018 წლის აპრილში დაეწია. აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6.5% შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველ ოთხ თვეში ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს შეადგენდა. 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო "კარგად გააზრებული და დახვეწილი ეკონომიკური პოლიტიკით გამოირჩევა, რასაც ქვეყანაში გასული ექვსი წლის განმავლობაში წინსვლა მოჰყვა". სინამდვილეში ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა დამუხრუჭდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

2016 წელს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2.7%-ს შეადგენდა. 2017 წელს მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის 5%-მდე გაიზარდა.

კომენტარები