აშშ-ჩრდილოეთ კორეა

მაიკ პომპეო: ჩრდილოეთ კორეას სანქციებს სრულ ბირთვულ განიარაღებამდე არ მოვუხსნით

EPA

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სეულში იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

პომპეომ უარყო ჩრდილოეთ კორეულ მედიაში გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ აშშ ოფიციალური ფხენიანისათვის დაწესებული სანქციების ეტაპობრივ შემსუბუქებას აპირებდა და განაცხადა, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეას სანქციებს არ მოუხსნის, სანამ ქვეყანა სრული დენუკრეარიზაციისაკენ აშკარა ნაბიჯებს არ გადადგამს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს სინგაპურში დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ მათ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსაც ტრამპმა "მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი დოკუმენტი" უწოდა. დოკუმენტში საუბარია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე. კრიტიკოსების აზრით დოკუმენტი ზედმეტად ფართო პირობებს მოიცავს და დენუკლეარიზაციის პროცესთან დაკავშირებული დეტალები აკლია.

დონალდ ტრამპმა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დასრულებულად გამოაცხადა.

"ახლახან დავბრუნდი გრძელი მოგზაურობიდან, მაგრამ ყველას შეუძლია უფრო მშვიდად იგრძნოს თავი ახლა ვიდრე მაშინ, როდესაც ოფისი დავიკავე. ჩრდილოეთ კორეისაგან ბირთვული საფრთხე აღარ არსებობს. კიმ ჩენ ინთან შეხვედრა საინტერესო და პოზიტიური გამოცდილება იყო. ჩრდილოეთ კორეას დიდი სამომავლო პოტენციალი აქვს." დაწერა მან Twitter-ზე.

 

კომენტარები