კრიმინალი

შსს: ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნილია

flickr

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამთენიისას, თბილისში მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ 1992 წელს დაბადებულ ლ.ჩ-ს თავდაპირველად სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, დაუყოვნებლივ დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივნისს, გამთენიისას, თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1984 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მახლობლად შენიშნეს. ლ.ჩ.-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო დაწესებულებაში იქნა მოთავსებული, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ექიმებისგან ინფორმაცია მიიღეს, რომ ბრალდებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, იგი დაუყოვნებლივ დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლისსამართლის კდოექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

კომენტარები