კანდელაკი: გარღვევაა, რომ რეზოლუცია პირდაპირ ახსენებს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას

გიორგი კანდელაკი
facebook.com/gkandelaki

ევროპარლამენტი დღეს მიღებული რეზოლუციით კავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს შავ სიაში შეიყვანონ და სანქციები დაადონ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულ პირებს. ევროპარლამენტმა დოკუმენტი სახელწოდებით - "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ", ხმათა სრული უმრავლესობით დაამტკიცა. რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებს უარი თქვას ოკუპირებული რეგიონების აღიარებაზე და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, სრულად სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მის მიღებას დიპლომატიურ გარღვევად აფასებს პარტია ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი.

"გარდა იმისა რომ რეზოლუცია შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მხარდამჭერ მნიშვნელოვან გზავნილებს, ჩვენთვის მნიშვნელოვან ტერმინოლოგიას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლად აცხადებს რუსეთს - ამის გარდა გარღვევა და პრაქტიკული სიახლე ისაა რომ რეზოლუციაში პირდაპირაა საუბარი ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაზე. რეზოლუციაში ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ სიის შესახებ რეზოლუციის მიღებას და მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს რომ ამ სიის ფიგურანტები - ვინც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებზე და დანაშაულის დაფარვაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე . შეიტანონ ევროკავშირის სანქციების პაკეტებში,"- ამბობს კანდელაკი.

საქართველოს მთავრობამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია 15 ივნისს უნდა გამოაქვეყნოს.

ოთხოზორია ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში წერია:

"ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის სექმნასთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც შავ სიაში სევლენ ის ადამიანები, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინეს ძალადობრივი დანაშაულები და ის პირებიც, რომლებმაც ამ სამართალდარღვევებს ხელი დააფარეს. ევროპარლამენტი მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები."

რეზოლუციის სრული ტექსტის ნახვა შესაძლებელია ბმულზე

კომენტარები