მარნეულის მერის საქმე

სასამართლომ მარნეულის მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

reginfo.ge

მარნეულის მერს თეიმურაზ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა ამ გადაწყვეტილებით ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

თემურ აბაზოვის დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. მარნეულის მერის თქმით, ის კანონმორჩილი ადამიანია და მიმალვას არ აპირებს.

"კანონი არის ჩემთვის პირველი, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ. კიგბოქსინგში აზერბაიჯანში ჩემპიონი გავხდი. რაც შეეხება ჩემს გაქცევას, მე მისამართიც არ ვიცოდი, პროკურორი სად იყო და ვითხოვე, ამიხსენით მეთქი და არ მივმალულვარ. ვახშამზე ვიყავი და განრიგიც კი შევცვალე, რომ 12:00 საათზე პროკურატურაში ვყოფილიყავი. ასი წელიც რომ მომისაჯონ, კანონს დავემორჩილები. გამორიცხულია ჩემი გაქცევა. ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ. ჩართული ვარ გამოძიების პროცესში. დღე და ღამე მარნეულში ვმუშაობდი კანონის ფარგლებში. გეფიცებით, ქალბატონო მოსამართლე, საკრებულოს თავმჯდომარეც კი დავაჯარიმე, როცა დასაჯარიმებელი იყო. არავის თხოვნას არ ვითვალისწინებდი“, - თქვა აბაზოვმა პროცესზე, ინტერპრესნიუსის ცნობით.

მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავეს. მას 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება. თემურ აბაზოვს გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ელჩინ ალახვერდიევმა სოციალურ ქსელში სიტყვიერად შეურაცხყო თემურ აბაზოვის ცოლი, მარნეულის მერმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და "მუქარით აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე." 

"თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე." - თქვა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურატურის ინფორმაციითვე, ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". 

გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ამბობს: 

"დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას. დიდი მძღ...ი ვჭამე ჩემდაუნებურად. [კარნახობენ: თქვი 41, თქვი 41] 41. ვისაც ვაწყენინე 41-დან, მომ...ნ პირში. დიდ ბოდიშს ვიხდი, დიდი მძ...ი რომ ვჭამე", - ამბობს მოქალაქე.

სტუდია მონიტორთან ინტერვიუში მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა უარყო, რომ მან მოქალაქეზე რამე ტიპის ზეწოლა მოახდინა.

კომენტარები