მკვლელობა ხორავას ქუჩაზე

ზაზა სარალიძე: მთავრობის დათხოვნა ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვაა

ტაბულა

ზაზა სარალიძის თქმით, მთავრობის შეცვლა მისი და მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვის მცდელობაა.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ თქვა, რომ როგორც კი ახალი პრემიერ-მინისტრი დაინიშნება, ის მასთან შეხვედრას მოითხოვს, რათა გაარკვიოს, იქნება თუ არა პირად კონტროლზე აყვანილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება.

"მთავრობის დათხოვნა დღესდღეობით ჩემი საქმის და მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვას ნიშნავს, პირდაპირ ვამბობ ამას. რა თქმა უნდა, როგორც კი დაინიშნება პრემიერი, იმ დღესვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე - მიადევნებს თვალყურს ამ საქმეს თუ არა", - თქვა ზაზა სარალიძემ.

ინტერპრესნიუსი წერს, რომ როგორც სარალიძემ თქვა, თავდაპირველი მოთხოვნებით, ის პრემიერის გადადგომას ითხოვდა, მაგრამ, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ეს მოთხოვნა დღის წესრიგიდან მოხსნა და მხოლოდ შს მინისტრის გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომა სურს. 

"მანამდე მოვითხოვე, რა თქმა უნდა, კვირიკაშვილის გადადგომა, იქიდან გამომდინარე, რომ შსს-ს დაუბრუნდა ეს საქმე ძიებაში. როდესაც შევხვდი ამ პიროვნებას, დავრწმუნდი, რომ ამ კაცმა ამ საქმის შესახებ არაფერი იცოდა და პირობა დადო, რომ თვალყურს მიადევნებდა. ესე იგი, თანამდებობიდან სპეციალურად გადააყენეს, რომ თვალყური ვეღარ მიადევნოს, რომ გაიწელოს, ორი კვირა ან ერთი თვე გაიწელება ალბათ, მინიმუმ ახალი პრემიერის დანიშვნა, რომელთანაც პირდაპირი კითხვა მექნება - რას იტყვის ჩემი საქმიდან გამომდინარე, აიღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე თუ - არა", - თქვა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები