ექსკურსიების რეგულაცია

განათლების სამინისტრო: სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციები გამკაცრდება

საქართველოს პარლამენტი

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება.ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ისაუბრა. გიგაურის თქმით, ახალი მიდგომის მიხედვით სკოლას დაევალება, რომ გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

"ექსკურსიებს ძალიან დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა მიენიჭება. ამ კუთხით პროგრამები გაგრძელდება, თუმცაუსაფრთხოების ნორმები მკვეთრად გაძლიერდება. ახალი მიდგომით, სკოლას დაევალება, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გარდა ამისა, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელი გახდება სკოლა დაგეგმილ ექსკურსიაზე საქმის კურსში იყოს. ასევე, აუცილებელი იქნება ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი." - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ. 

სამინისტროს ინფორმაციითვე, დღეის მდგომარეობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ექსკურსიებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები მოქმედებს. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრცელდება, როდესაც ორგანიზატორი რომელიმე ინსტიტუცია, მაგალითად, საჯარო, კერძო, სახელოვნებო, სპორტული და ა.შ. სკოლა და დაწესებულებაა. თვითორგანიზებულ ექსკურსიებზე არსებული რეგულაცია ამ დრომდე არ ვრცელდებოდა.

შეგახნებეთ, რომ რამდენიმე დღის წინ გომბორის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავდა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. 

კომენტარები