ე.წ ქურდული სამყარო

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, უწყება განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის და ე.წ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ "შეურიგებელ ბრძოლას".

კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში დააკავეს ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები, "ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრები - 1984 წელს დაბადებული თ.კ., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. (მეტსახელად „ბახა-ბახა“) და 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ბ. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს. ისინი მონაწილეობას იღებდნენ "ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდთან“ - ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“) და მის ძმასთან - ხვიჩა სულაქველიძესთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

კერძოდ, ბრალდებულები ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთი კაფეს მფლობელისგან, 1977 წელს დაბადებული გ.ჯ.-სგან, "კანონიერი ქურდის“ - ფრიდონ სულაქველიძის მიერ მისი სამეწარმეო საქმიანობის მფარველობის სანაცვლოდ, მუქარითა და ქურდული გარჩევის გზით, ყოველთვიურად მოგების 30%-ის გადახდას მოითხოვდნენ. ხვიჩა სულაქველიძის ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით, ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები" - აცხადებს შსს.

გარდა ამისა, "ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დააკავეს წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები - 1980 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1981 წელს დაბადებული, ჯ.ო.

"პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლებშიც ბრალდებულების "ქურდული სამყაროს“ წევრებთან კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ბ.-მ და ჯ.ო.-მ, უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან“ - ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად „გული“) შეთანხმებით, მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ" - აცხადებს შსს.

მიმდინარე წლის 16 ივნისს კი, პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ქურდული სამყაროს“ წევრი, 1962 წელს დაბადებული გ.ე. დააკავა. შსს-ს ცნობით, მას სამართალდამცველები სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) 2007 წლიდან ეძებდნენ.

"დაკავებული აღიარებს "ქურდულ სამყაროს“. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდთან“ - ზაზა ელიკაშვილთან და „ქურდული სამყაროს“ სხვა წარმომადგენლებთან: ოთარ ელიზბარაშვილთან (მეტსახელად „ჭაღარა“), გიორგი ახალმოსულიშვილთან (მეტსახელად „ბურვაკა“), ნოდარ გიორგაძესთან (მეტსახელად „ოდო“), ბესიკ ჭანყოშვილთან (მეტსახელად „დრელე“).

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის“ სასჯელი გამკაცრდა, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული გახდა" - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები