აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპიკერმა განაცხადა, რომ პირველი ლედი "შეძრულია ოჯახებისაგან დაშორებული ბავშვების ნახვით." მისივე თქმით პირველ ლედის სჯერა, რომ აშშ უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც "ყველა კანონს მიყვება, თუმცა ამასთანავე გულით იმართება." "ქალბატონი ტრამპი იმედოვნებს, რომ ორივე მხარე ერთობლივად მიაღწევს წარმატებული საიმიგრაციო რეფორმის განხორციელებას."
ეს კომენტარი ტეხასის შტატის სამხრეთით, მექსიკის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, სადაც ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ასობით ბავშვი სასაზღვრო კონტროლის საწყობში განთავსებულ გალიებში ცხოვრობს. მათი ოჯახების წევრები აშშ-ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის დააკავეს. ბავშვების გარდა საწყობში 1,100-მდე ადამიანია, მათ შორის ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით. ჟურნალისტებს არალეგალ მიგრანტებთან გასაუბრების უფლება არ მისცეს.
მელანია ტრამპის განცხადებას ყოფილი პირველი ლედი, ლაურა ბუში Twitter-ზე გამოეხმაურა:
"მე სასაზღვრო შტატსი ვცხოვრობ. მე ვაფასებ საერთაშორისო საზღვრების დაცვის საჭიროებას, მაგრამ ნულოვანი ტოლერატობის პოლიტიკა სასტიკი და ამორალურია და გულს მტკენს."
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვარზე ოჯახების დაშორება დემოკრატიული პარტიის ბრალია და მათ სიტუაციის გამოსასწორებლად რესპუბლიკელებთან ერთად ახალ კანონზე უნდა იმუშაონ.
ტეხასის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. მომიტინგეები ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.