სამთავრობო ცვლილებები

ცვლილება ექვს სამინისტროს შეეხება, მომავალი მინისტრების ვინაობა კვლავ უცნობია

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები აუცილებლად იქნებიან.

მომავალ პრემიერს არ დაუზუსტებია, ვინ შეინარჩუნებს მინისტრის თანამდებობას და ვინ დატოვებს პოსტს. მას ასევე არ უპასუხია კითხვაზე თეა წულუკიანთან დაკავშირებით. ბახტაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ ცვლილება ექვს სამინისტროს შეეხება.

"ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში დასრულდება ნდობის პროცედურა, პირველ შემთხვევაში, აუცილებლად წარვდგებით, რომელიც შეეხება ექვს სამინისტროს. მინდა გთხოვოთ, რომ ამ ეტაპზე დაველოდოთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, რომელმაც შემდეგ ინიცირება უნდა გაუკეთოს ამ კანონმდებლობას. მესმის, რომ თქვენთვის და მოქალაქეებისთვის ეს ზედმეტს ფორმალიზმს უკავშირდება, მაგრამ არსებობს კონსტიტუცია, არსებობს კანონი, მას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. დროულად რომ გაგცეთ პასუხი, ამიტომ ვთხოვ პარლამენტს, მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ამ ეტაპზე ეს გავიაროთ შემჭიდროებულ ვადებში, რომ შემდეგ უკვე, როცა წარმოვადგენ ახალ მინისტრთა კაბინეტს, შემცირებული რაოდენობის სამინისტროებით, იქ განვიხილოთ უკვე დეტალურად ეს საკითხები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ დღეს, "ქართულ ოცნებაში" გამართული კონსულტაციების შემდეგ.

დღესვე, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. მისი განმარტებით, შემცირება მას შემდეგ მოხდება, რაც პარლამენტი მხარს დაუჭერს სამთავრობო გეგმას.

სამინისტროები 2017 წელსაც შემცირდა, მაშინ მთავრობა 18 სამინისტროდან 14-მდე შემცირდა.

კომენტარები