სამთავრობო ცვლილებები

კობახიძე: წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანიაა გაშლილი

ტვ იმედი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს, რაც სამწუხარო ფაქტია. 

ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, დარჩება თუ არა თეა წულუკიანი მთავრობაში, იმედის ეთერში უპასუხა. 

"ხელოვნური კამპანია არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ და სამწუხაროა, რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით ხელმძღვანელობენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე მოქმედებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვიხილოთ თითოეული მინისტრის მიერ გახორციელებული საქმიანობა და ის, თუ როგორია პერსპექტივა, რომ შემდგომი ცვლილებები განხორციელდეს კონკრეტული მინისტრის მიერ კონკრეტულ სფეროში და ამ ყველაფერს დაეფუძნება ჩვენი გადაწყვეტილება მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით. მსჯელობა იქნება ყველა კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჩვენ, პირველ რიგში უნდა დაველოდოთ თავად მამუკა ბახტაძის პოზიციას. ჩვენ დაველოდებით მთავრობის პოზიციას და ამის შემდეგ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით" - თქვა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად ოფიციალურად, ძველი შემადგენლობით წარედგინა.

მთავრობის შემადგენლობაში ახალია მხოლოდ სამი კანდიდატი იქნება: 

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში ამ დრომდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. 

დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ამ დრომდე მოქმედი მინისტრი.

როგორც დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ თქვა, სამინისტროების გაერთიანება და მათი 14-დან 11-მდე შეკვეცა იგეგმება, რის გამოც, კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, კანონით გაწერილ ვადებში მთავრობის დამტკიცების ყველა პროცედურა ვერ ესწრება, ამიტომ ამ ეტაპზე მთავრობას ძველი შემადგენლობით დაამტკიცებენ.

სამი კვირის შემდეგ კი პარლამენტს კვლავ წარედგინება მთავრობის სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი შემადგენლობა. 

თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით კი რამდენიმე აქცია გაიმართა. ასევე, მოეწყო კამპანია #1000წერილითეას - აქტივისტებმა იუსტიციის მინისტრს წერილები გაუგზავნეს და ის არგუმენტები მისწერეს, რომელთა გამოც, მათი აზრით, იუსტიციის მინისტრის პოსტის უნდა დატოვოს. 

კომენტარები