სამთავრობო ცვლილებები

დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ

თორნიკე ბარათაშვილი

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს დილიდან დაიწყება. 

10:00 საათზე, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი პოლიტიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ოთხ კანდიდატს მოუსმენენ. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე კი, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. 

გაერთიანებული კომიტეტების სხდომა 11:00 საათზეც გაგრძელდება, რომელზეც მინისტრობის კანდიდატები ორ ბლოკად წარსდგებიან. კერძოდ, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ექვს კანდიდატს მოუსმენენ. ხოლო საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მოსმენას დაეთმობა.

12:00 საათიდან მინისტრობის კანდიდატების მოსმენა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომით დაიწყება, 13:30 საათზე კანდიდატებს საქართველოს პატრიოტები მოუსმენენ, 14:30 საათზე - ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა, ხოლო 15:30 საათზე - საპარლამენტო უმცირესობა.

20 ივნისს გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ისინი აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. 

მთავრობის დამტკიცების შემდეგ, უახლოეს სამ კვირაში, პარლამენტს წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა. 

კომენტარები