დემპინგი

მთავრობა ანტიდემპინგური კანონის მიღებას გეგმავს, ინიციატივა მალე პარლამენტში შევა

Getty Images

მთავრობამ ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით მუსაობა განაახლა, ამის შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

"ანტიდემპინგური ნორმების შესახებ კანონპროექტი არის მომზადებული, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება წამოდგენილი პარლამენტში,"- განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის კითხვის საპასუხოდ.

საქართველოში ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღების შესახებ საუბარი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაიწყო. ამ კანონის მიღებას აქტიურად უჭერდნენ მხარს გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი. 2015 წელს დიმიტრი ქუმსიშვილმა ისიც თქვა, რომ ეს კანონი "უდიდესი სიკეთე" იქნებოდა. ამ კანონის მიღების ლობისტი წარსულში გოგი თოფაძე და მრეწველთა პარტიაც იყო. 

რატომ დააზარალებს ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართველოს მოსახლეობას:

დემპინგის აკრძალვის დროს მოსახლეობა ზარალდება, რადგანაც ისინი უცხოური პროდუქციის შეღავათიან ფასად ყიდვის საშუალებას კარგავენ, მოგებულ მდგომარეობაში კი ადგილობრივი კომპანიები რჩებიან, რომლებიც აღნიშნულ საქონელს შედარებით ძვირად აწარმოებენ. ამ დროს მოსახლეობას მხოლოდ ადგილობრივი და შედარებით ძვირიანი პროდუქციის ყიდვის ალტერნატივა აქვს, რაც მათი მსყიდველუნარიანობის შემცირებას იწვევს. ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოსთვის ახალი რეგულაციის დაწესება იქნება, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ანტიდემპინგური კანონმდებლობა შესაძლოა ბუნდოვანიც იყოს, რაც შეიძლება კანონის ნორმების ფართოდ განმარტებისა და, შედეგად, კომპანიებისთვის ახალი ფინანსური ბარიერის შექმნის ტოლფასი გახდეს. 

კომპანიები ზოგიერთ შემთხვევაში საქონელს მის თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასადაც ყიდიან, რაც მრავალ მიზანს, მათ შორის, მომხმარებლების მოზიდვას, ფინანსური დანაკარგის თავიდან არიდებას და ა.შ. შეიძლება მოიცავდეს. ასევე საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს დემპინგურ ფასს. 

 

კომენტარები