ანგარიში

Amnesty International: ახალი მთავრობის პრიორიტეტი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უნდა გახდეს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციია Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უნდა გახდეს.

ორგანიზაციის სამგვერდიან განცხადებაში წერია, რომ პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმი უნდა შეიქმნას.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზეც. კერძოდ, საუბარია აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რასაც თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

ასევე, ორგანიზაციით თქმით, ხელისუფლება გამოძიების დაწყებისგან თავს იკავებდა. თუმცა საბოლოოდ ეს მაინც გააკეთა. ასევე, მოყვანილია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის, Birja Mafia-სა და დემურ სტურუას გახმაურებული საქმეებიც.

Amnesty-ს შეფასებით, სასამართლო პროცესმა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ უნდობლობა და მისი მუშაობის არაეფექტურობა გამოააშკარავა.

„დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებზე საქართველოს ახალმა მთავრობამ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება უნდა ჩაატაროს. მოკლულთა ოჯახებს და მათ ადვოკატებს მიმდინარე გამოძიების შესახებ დროული სიახლეები უნდა მიეწოდოს, გამოძიების შედეგი კი, უნდა გახდეს საჯარო განხილვის საგანი“, - ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში. 

განცხადებაში წერია, რომ ახალმა მთავრობამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ ქვეყანაში სისხლის სამართლის სისტემაში სანდოობის დეფიციტი შემცირდეს. ამგვარმა ზომებმა უნდა გააძლიერონ არსებული სისხლის სამართლის სისტემაში მომუშავე ყველა გამომძიებლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. 

კომენტარები