მოგზაურობა

Wizz Air: ტყუილია, თითქოს რამე აქციით ორ ბილეთს 1 ევროდ ვყიდით

ავიაკომპანია Wizz Air-ის განცხადებით, მათი სახელითა და მსგავსი ბრენდინგით ზოგიერთი ვებგვერდი და ფეისბუქ გვერდი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

"ყალბი გვერდები სოციალურ მედიაში ავრცელებენ შეტყობინებას, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ვიზეარის ორი ბილეთი 1 ევროდ შეიძინონ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

შეგახსნებთ, რომ ავიაკომპანია ვიზეარის ოფიციალური ვებგვერდია: www.wizzair.com და ყველა ინფორმაცია Wizz Air-ის აქციებისა თუ ფასების შესახებ ქვეყნდება სწორედ აქ.

Wizz Air აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ არ ისარგებლონ გვერდებითა და ბმულებით, რომლებიც ავიაკომპანიის ოფიციალურ საკომუნიკაციო პლატფორმებზე არ ვრცელდება.

ავიაკომპანია აუცილებლად მიიღებს ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც Wizz Air-ის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ცდილობს" - ნათქვამია Wizz Air-ის განცხადებაში, რომელსაც ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.

ცნობისთვის, Wizz Air-ის სახელით, თითქოსდა ავიაკომპანიის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს სთავაზობენ 2 ბილეთის 1 დოლარად ყიდვას, რისთვისაც საბანკო ბარათის მონაცემებს ითხოვენ.

კომენტარები