სამთავრობო ცვლილებები

"პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა მინისტრობის კანდიდატებს კითხვები არ დაუსვეს

ტაბულა

"საქართველოს პარტრიოტების" წევრებმა პარლამენტში, მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატებთან ფრაქციის შეხვედრაზე კითხვები არ დასვეს.

ფრაქციის წევრმა, ირმა ინაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ კითვებს დასვამენ მაშინ, როცა არა დროებითი, არამედ რეალური მთავრობის წარმომადგენლები წარსდგებიან პარლამენტის წინაშე.

"შევთანხმდით არ შევსულიყავით ცხარე დისკუსიაში და საერთოდ დისკუსიაში მინისტრობის კანდიდატებთან, არც პირადად თქვენთან, როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატთან. იმიტომ რომ სერიოზული განხილვები წინ ელის პარლამენტს, როცა მოხდება რეალური მთავრობის წარმოდგენა პარლამენტში. სწორედ მაშინ ჩვენ დავსვამთ შეკითხვებს და გვექნება ძალიან ბევრი სერიოზული შეკითხვა სტრატეგიულ რეფორმებთან დაკავშირებით, სისტემურ რეფორმებთან დაკავშირებით, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით. [...] პრაქტიკულად, ყველა მინისტრის საქმიანობას ვიცნობთ და მე რომ გავიდე ახლა ტრიბუნასთან იმ მინისტრის მაგივრად, მეც კი შემიძლია მოგიყვეთ რას აპირებს ეს მინისტრი იმ სფეროში. სამწუხაროდ, რეალობაში შემდეგ სხვა ასახვას ჰპოვებს ხოლმე ეს ხატოვანი სიტყვები", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, დროებით მთავრობაზე პასუხისმგებლობა საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა აიღოს.

"დროებით მთავრობას ჩვენ ნდობას ვერ და არ გამოვუცხადებთ. თქვენ თვითონ არ ენდობით ამ მთავრობას და ჩვენ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი. თვითონ აპირებთ მთავრობაში ცვლილებების განხორციელებას. ამიტომ, დროებით, ფორმალურ მთავრობაზე პასუხისმგებლობა აიღოს უმრავლესობამ. ჩვენ პასუხისმგებლობას ავიღებთ უკვე იქედან გამომდინარე, რას მოვისმენთ სამი კვირის მერე პარლამენტის სხდომათა დარბაზში", - თქვა ირმა ინაშვილმა.

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია პროცესებისგან გარიყულია და საჭიროა ძალების კონსოლიდაცია.

"ოპოზიცია ამ ქვეყნაში გარიყულია პროცესებისგან. თქვენ ოპოზიცია გჭირდებათ მაშინ, როცა მთავრობის დამტკიცება ხდება. პრინციპში, მაშინაც არ გჭირდებათ ხოლმე, უმრავლესობა ერთხმად გამტკიცებთ. მაგრამ ოპოზიციის როლი სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებში გამოკვეთილი არ არის, არადა, მარტო ამ ქვეყანას რომ ვერ აშენებთ, თვითონაც ხომ ატყობთ ამას... ძალების კონსოლიდაციაა საჭირო, ინტელექტის კონსოლიდაციაა საჭირო, საჭიროა მეცნიერული წრეების ჩართვა მსგავსი ტიპის სამთავრობო პროგრამების მომზადებაში", - ამბობს ინაშვილი.

ამ დროისთვის, მთავრობის წევრების კანდიდატების შეხვედრები საპარლამენტო ფრაქციებთან გრძელდება. "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" შემდეგ, ისინი "ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შეხვდებიან.

კომენტარები