ვიდეოთამაშები

ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება ჯანმომ დაავადებათა კლასიფიკაციაში შეიტანა

ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება
techcrunch.com

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ცვლილებაა. ახალ ვერსიას ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება შეემატა.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პოპულაციასა და პროფესიულ სფეროში ახალ ტრენდებსა და განვითარებებს მისდევს, ეს არ არის ახალი პრეცედენტი", - უთხრა პრესას ჯანმო-ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების განყოფილების წევრმა.

მისი თქმით, ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულებას სამი ძირითადი დიაგნოსტიკური მახასიათებელი აქვს:

  • თამაშზე დარღვეული კონტროლი;
  • სხვა ინტერესებთან და საქმიანობებთან შედარებით, თამაშის პრიორიტეტულობის ზრდა;
  • თამაშის გაგრძელება უარყოფითი შედეგების არსებობის მიუხედავად

ეს მახასიათებლები აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მსგავსია. სიახლეს კრიტიკოსებიც ჰყავს.

ფსიქოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულების ცალკე დიაგნოზად დასახელება არასწორია. "დიაგნოზის იარლიყის მიწებება ნაადრევია", - ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი ენტონი ბინი. მისი თქმით, ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება დეპრესიასთან და შფოთვით აშლილობასთან გამკლავების მექანიზმია.

იგი ასევე მიიჩნევს, რომ კრიტერიუმები, რომლებსაც ჯანმო ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულების განმარტებისთვის იყენებს ზედმეტად ზოგადია, შესაბამისად, პაციენტის დიაგნოსტირება კლინიცისტის სუბიექტურ შთაბეჭდილებაზე იქნება დამოკიდებული.

კომენტარები