სამთავრობო ცვლილებები

ბახტაძე ადასტურებს, რომ "ცენტრ პოინტის" კომპანიის დირექტორი იყო, თუმცა დაკითხვაზე არ ყოფილა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, სადაც მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ ცენტრ პოინტის შვილობილი კომპანიის დირექტორის პოსტი ეკავა, თუმცა კომპანიასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში არ დაკითხულა.

​"ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა პრემიერობის კანდიდატს ჰკითხა, რატომ არ უწერია ბიოგრაფიაში, რომ იყო "ცენტრ პოინტ ინვესტ პლიუსის" დირექტორი, რომელიც "ცენტრ პოინტ ინვესტის" შვილობილი კომპანიაა.

საპასუხოდ ბახტაძემ თქვა, რომ ამ კომპანიაში, ასევე სასტუმროების ქსელ "რჩეულში" ნამდვილად მუშაობდა, თუმცა არ დააკონკრეტა, რატომ არ მიუთითა ბიოგრაფიაში ამის შესახებ. ბახტაძის განცხადებით, ბევრმა იცის რა ორგანიზაციის ნაწილი იყო "რჩეული", სადაც მუშაობის შესახებ მის ბიოგრაფიაში წერია.

დეპუტატის შემდეგი კითხვა ეხებოდა დაკითხვაზე დაბარებას. ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა "ცენტრ პოინტის" წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო თუ არა დაკითხვაზე მამუკა ბახტაძე, რომელიც შვილობილ კომპანიაში დირექტორის თანამდებობაზე იყო. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მას უპასუხა, რომ დაკითხვაზე არ ყოფილა და საპასუხოდ ჰკითხა, რატომ უნდა ყოფილიყო.

"იმიტომ, რომ მე აქ, ამონაწერში ვკითხულობ, რომ თქვენ გეკავათ "ცენტრ პოინტ ინვესტ პლიუსში" დირექტორის თანამდებობა, ეს არის "ცენტრ პოინტ ინვესტის" შვილობილი კომპანია, რომლის დამფუძნებლები არიან ციხეში. გასაკვირია, რომ თქვენც ვინმეს დაებარებინეთ დაკითხვაზე? ჩემი კითხვა რატომ გეჩვენებათ არალოგიკურად?", - უპასუხა ნადირაშვილმა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა განმარტა, რომ კომპანიაში მისი საქმიანობა სასტუმროების ქსელის განვითარებას უკავშირდებოდა და კითხვა ალოგიკურად ამიტომ ეჩვენება.

საპასუხოდ ირმა ნადირაშვილმა მას უთხრა, რომ შერჩევითი სამართლის საუკეთესო მაგალითია.

"მადლობა, გავიგე, რომ მთელი ცენტრ პოინტი იყო ცუდი და მხოლოდ ის კომპანია იყო კარგი, სადაც თქვენ მუშაობდით. მინდა დავამატო, რომ თქვენ ხართ შერჩევითი სამართლის ძალიან ნათელი მაგალითი, როცა ამ კომპანიის დამფუძნებლები ციხეში არიან და თქვენ პრემიერმინისტრობის კანდიდატი ხართ", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები