მამუკა ბახტაძე

TI: რომ არა ამნისტია, ბახტაძე უკანონო შემოწირულობისთვის უნდა დაჯარიმებულიყო

საქართველოს პარლამენტი

"რაც შეეხება ჩემს მიერ გადარიცხულ თანხას, თუ გაინტერესებთ ის თუ რამდენად მე გადავრიცხე ჩემი თანხა ენმ-ის მხარდასაჭერად არა - მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს. ჩემი პირადი ანგარიში იქნა გამოყენებული ტექნიკურად" - განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ენმ-ის ფრაქციასთან შეხვედრისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მამუკა ბახტაძის ამ სიტყვებში პირდაპირ ამოიკითხა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის" დარღვევა, რომელიც მესამე პირის მეშვეობით შემოწირულობის განხორციელებას კრძალავს. თუმცა 2012 წლის დეკემბერში პარლამენტმა ამ მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მიიღო სპეციალური ამნისტია, რომელიც ამ მუხლის დამრღვევებს სანქციებისგან ათავისუფლებს.

მამუკა ბახტაძემ 2012 წლის 2 აგვისტოს 20,000 ლარი შესწირა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. როგორც მან გუშინ განაცხადა ეს შემოწირულობა მისი ჯიბიდან არ განხორციელებულა და მისი ანგარიში "გამოყენებული იქნა ტექნიკურად". სწორედ ასეთ "ტექნიკურ" გამოყენებას კრძალავს საქართველოს კანონმდებლობა. რომ არა ამნისტია ბახტაძე შემოწირულობის ორმაგი ოდენობით უნდა დაჯარიმებულიყო.

ტაბულასთან საუბარში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტმა გიგი ჩიხლაძემ განაცხადა, რომ კანონის მიხედვით, უკანონო შემოწირულობის ხანდაზმულობის ვადა 6 წელს შეადგენს, შესაბამისად 2018 წლის 2 აგვისტომდე მამუკა ბახტაძის "დანაშაულს" ხანდაზმულობა არ გაუვა.

"მესამე პირის მეშვეობით შემოწირულობის გნახორციელება ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით იკრძალება," - ამბობს ჩიხლაძე.

კანონმდებლობის ამ მუხლის აღსრულებაზე ზედამხედველია სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სწორედ მას მიმართავს დღეს TI განცახდებით დაიწყოს ბახტაძის შემოწირულობის განხილვა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იურიდიულ პირებს შემოწირულობის განხორციელება ეკრძალებოდათ, სწორედ ეს გარემოება დაასახელა ბახტაძემ იმის მიზეზად თუ რატომ მოხდა მისი ანგარიშის "ტექნიკურად გამოყენება."

კომენტარები