ავტომობილთა ტექდათავლიერება

1-ელი ივლისიდან მთავრობის კუთვნილი ავტომობილები ტექდათვალიერებაზე გავლენ

2018 წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეუფერხებელი გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში.

"პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. აღნიშნული ვებ-გვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ტექდათვალიერება აღდგა. ჯერჯერობით ავტომობილის შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე არ ვრცელდება, მას ახლა მხოლოდ იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები, 3.5 ტონაზე მძიმე ტრანსპორტი და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილები გადიან. 2019 წლიდან შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე გავრცელდება.

ტექდათვალიერება ავტომობილის გამართულობის თითქმის ყველა ასპექტს ეხება დაწყებული მუხრუჭებით, დამთავრებული გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობით. ტესტირების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი იქნება, თუ ავტომობილი პირველ ჯერზე ვერ გაივლის ტესტირებას მას ხარვეზების გამოსასწორებლად 1 თვე მიეცემა, რის შემდეგაც ის ხელმეორე ტესტირებაზე გავა, თუ მეორე ტესტირებაც წარუმატებლად გაიარა, მაშინ ავტომობილს მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა.

საქართველოში 1.19 მილიონი ავტომობილია, მათი 46% 20 წელზე მეტი ხნის წინაა გამოშვებული.

ტექდათვალიერების გარეშე მოძრაობისთვის ავტომობილები 50 ლარით დაჯარიმდებიან. 

ამასთან, 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი – 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ინფორმაციას აწვდის.

კომენტარები