ნარკოდანაშაული

შსს: ბოლო 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ, ბოლო 1 თვეში - 8

შსს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით, შსს-მ 6 თვეში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 72 პირი დააკავა. ასევე, ამოღებულია: 13 კილოგრამი ჰეროინი,  7000 აბი სუბუტექსი და სუბოქსინი,  1 კილო და 300 გრამი კოკაინი, 2 კილოგრამამდე MDMA, 650 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერებები.

მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე კი, შსს-ს ცნობით, 4 კილოგრამი "ჰეროინი“, 2000 აბი "სუბუტექსი“ და "სუბოქსინი“, 100 გრამი „კოკაინი“, 200 გრამი „მდმა“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს. ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა  (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) - 8 პირს.

მამუკა ჭელიძის განცხადებით:

  • შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა მარნეულის რაიონში დააკავეს ირანის მოქალაქე, რომლისგანაც 282 შეკვრად დაფასოებული 800 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
  • თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.  სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, სადაც დაკავებული  ცხოვრობდა, განსაკურებით დიდი ოდენობით - 1 კილოგრამი „ოპიუმი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ე. ჩ.-სა და მ.ა.-სგან 193 შეკვრად დაფასოებული 900 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.
  • საქართველოს მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული პირი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თურქეთში გადასვლას ცდილობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშულებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.
  • აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ქალი სარფში დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 339 აბი "სუბოქსინი და 20 აბი „მეტადონი“ ამოიღეს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები