სამთავრობო ცვლილებები

ჩუგოშვილი მთავრობის შემადგენლობაზე: კონკრეტული სახელების განხილვა არც დაგვიწყია

თამარ ჩუგოშვილი
ტაბულა

ქართული ოცნების ოფისში მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. 

თამარ ჩუგოშვილის თქმით, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე არ ესწრება და ეს არის პრემიერმინისტრსა  და პარტიის წევრებს შორის შეხვედრა. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე არ საუბრობენ კონკრეტულ სახელებზე, არამედ მთავრობის ფორმაზე მსჯელობენ.

"დღევანდელ შეხვედრაზე სახელსა და კანდიდატებზე საუბარი არ მიმდინარეობს, დღევანდელი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმის განხილვას, სტრუქტურულად სწორად როგორი იქნება მთავრობის ჩამოყალიბება. რა უწყებები გვჭირდება, რომ მივაღწიოთ მიზანს - გადაწყვეტილების მიღებასა და მოსახლეობის მიერ სერვისების მიღებას დრო შემცირდეს, იყოს ბევრად უფრო ეფექტური მუშაობა. ჩვენ ვაცხადებთ გარკვეული პროგრამების დაწყებას, სიახლეების შემოტანას და დროში იწელება აღსრულება.

სახელებზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ჯერ არც დაგვიწყია იმის განხილვა, ზუსტად რომელ კანდიდატებზე იქნება საუბარი, ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რა ფორმას მიიღებს მთავრობის შემადგენლობა", - თქვა ჩუგოშვილმა. 

საქართველოს მთავრობა პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. შეცვლილია პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილის ადგილს მამუკა ბახტაძე იკავებს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა დაინიშნენ. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში ამ დრომდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. 

დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელი უცვლელია. 

თუმცა, ქართული ოცნების განცხადებით, ეს დროებითი, 3-კვირიანი მთავრობაა, 3 კვირის შემდეგ მართველი გუნდი სტრუქტურულ ცვლილებებს წარმოადგენს - სამინისტროების რიცხვი 14-დან 11-მდე შეიკვეცება, სავარაუდოდ შეიცვლებიან მინისტრებიც. 

კომენტარები