საქართველოს საპატრიარქო

სინოდი: ნარკოტიკით გარდაცვლილი ადამიანებისთვის წესის აგების საკითხს კომისია გადაწყვეტს

patriarchate.ge

სპეციალური კომისია გადაწყვეტს, აუგებს თუ არა წესს ეკლესია ნარკოტიკული ნივთიერებების  ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს. შესაბამისი გადაწყვეტილება წმიდა სინოდმა 21 ივნისის სხდომაზე მიიღო.

"წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა: შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად" - წერია სინოდის სხდომის ოქმში.

გარდა ამისა, სინოდის სხდომაზე მარიხუანას მოხმარების ლიბერალიზაციაზეც იმსჯელეს, კრების შეფასებით, მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმება, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს, ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს.

"ეს ლოგიკურად აყენებს ამ ნარკოტიკის მოპოვების ლეგალური გზების მოძებნის საკითხს და ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანას (კანაფის) ლეგალური ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია. ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით  უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას. კანაფის დამზადების ნებართვა კი, ფაქტიურად, ნარკო-ვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს" - ნათქვამია სინოდის სხდომის ოქმში.

კომენტარები