ლომჯარია: ხორავას ქუჩის საქმის განაჩენი დასაბუთებულია და კანონის დაცვით მიღებული

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაეცნო. ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია და კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული და ამ განაჩენმა გამოკვეთა გამოძიებაში არსებული ხარვეზები, რომელთა შედეგადაც პროკურატურამ ვერ უზრუნველყო გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წლის 31 მაისს გამოიტანა, ხოლო განაჩენის სრულ ვერსიაზე 14 ივნისს დაასრულა მუშაობა, სადაც დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სრულად გაეცნო განაჩენს და მიაჩნია, რომ იგი დასაბუთებულია და კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული. განაჩენი საკმაოდ დეტალურ და ამომწურავ მსჯელობას შეიცავს. მასში გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და პარალელურად, ყველა სამართლებრივი საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკის შესაბამისად არის გადაწყვეტილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანია არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ყველა დეტალის ეფექტური გამოძიება." - წერია სახალხო დამცველი განცხადებაში.

ნინო ლომჯარია მოუწოდებს შსს-ს ჩაატაროს სწრაფი გამოძიება და გამოავლინოს დანაშაულთან დაკავშირებული ყველა პირი.

"სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩაატაროს სწრაფი და ყოველმხრივი გამოძიება, რათა გამოავლინოს დანაშაულთან დაკავშირებული ყველა პასუხისმგებელი პირი. ასევე, გამოავლინოს ის პირები, რომელთაც ხელი შეუშალეს
გამოძიების სათანადოდ წარმართვას. ამ კონკრეტული საქმის განხილვის ფონზე, განაჩენმა ნათლად დაგვანახა სკოლაში ბავშვთა ბულინგისა და ძალადობის დაცვის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობაც. დასტურდება, რომ სკოლაში ბავშვთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანი შესრულება სისტემური რეფორმის 
გატარებას მოითხოვს, რათა სამომავლოდ არასრულწლოვნებს შორის ძალადობა მინიმუმამდე შემცირდეს და თავიდან ავიცილოთ მსგავსი ფატალური შემთხვევები." - წერს ომბუდსმენი.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე , მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე განაჩენი 31 მაისს გამოიტანა. მოსამართლემ ერთი ბრალდებული (გ.ბ.) დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო სარალიძის მკვლელობაში გაამართლა. მეორე ბრალდებული (გ.ჯ.) კი გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო არა სარალიძის მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს შორის დავით სარალიძისმკვლელი არ არის და ის ამ დრომდე თავისუფალია.

კომენტარები